რა არის გაფანტული სკლეროზი?

გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. ამ დაავადებას საფუძლად უდევს აუტოიმუნური ანთება, რომლის შედეგადაც ნეირონების მფარავი მიელინის გარსი ორგანიზმის მიერ „უცხოდ“ აღიქმება და იწყება მისი დაშლა. მიელინის გარსი ნერვული სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში ნერვული იმპულსები უსწრაფესად ვრცელდება, შესაბამისად, დაავადების შედეგად გაშიშვლებული ნეირონები ვეღარ ახერხებენ ნერვული იმპულსების ნორმალურ გატარებას. მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციის საპასუხოდ ნერვული სისტემა იწყებს მიელინის გარსის აღდგენას (რემიელინიზაციას), ეს პროცესი, სამწუხაროდ, არ არის ეფექტური, დაზიანებული გარსი ვეღარ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციას და შედეგად სახეზეა ნევროლოგიური ფუნქციების გამოვარდნა. როგორია ამ დაავადების გავრცელება? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გაფანტული სკლეროზი ძირითადად ახალგაზრდების დაავადება. ის, როგორც წესი, დაახლებით 20-50 წლის ასაკოვან ჯგუფში გვხვდება. ამასთანავე, დაავადებულ ქალთა რაოდენობა 3-ჯერ აღემატება კაცების რიცხვს. რაც შეეხება გოეგრაფიულ არეალებს, ის უმეტესად ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მაგალითად რუსეთში, კანადაში, ჩრდლოეთ ამერიკაში. ნაკლებად გვხვდება ეკვატორთან ახლოს მდებარე ქვეყნებში. საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 1100 შემთხვევაა დაფიქსირებული. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში მონაცემებმა საგრძნობლად მოიმატა. ეს შესაძლოა, იმასაც უკავშირდება, რომ დღესდღეობით თანამედროვე მედიცინაში ბევრად გაუმჯობესდა დიაგნოსტიკური მეთოდები და გამარტივდა დაავადებების გამოვლენა. თუმცა ვერ იმასაც ვერ უარვყობთ, რომ მავნე გარემო პირობების ზემოქმედება, გაზრდილი სტრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მძიმე დაავადების გავრცელებაში. რა სიმპტომები ახასიათებს გაფანტულ სკლეროზს? გაფანტულ სკლეროზს ძალიან მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება აქვს. ნევროლოგიური ფუნქციების დარღვევა იმის მიხედვით მანიფესტირდება, სადაც ვიტარდება დემიელინიზაციის კერა. გაფანტულ სკლეროზს აქვს თავისი „საყვარელი ადგილები“ აქვს, კერძოდ: თავის ტვინში – პერივენტრიკულურად (პარკუჭებს შორის) და ნათხემში. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები: • მხედველობის გაუარესება (ოპტიკური ნევრიტი), შეიძლება გამოვლინდეს თვალის ტკივილიც, • თავბრუს ხვევა და კოორდინაციის დარღვევა, • ჰემიპარეზი (ცალ მხარეს კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა), • ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურში მოძრაობის გაჩერება). • ფსიქიკური პრობლემები – პარანოია, ჰალუცინაციები, • ლოგიკური მსჯელობის დარღვევა, • ლიბიდოს დაქვეითება, • შარდვა-დეფეკაციის ფუნქციის მოშლა. თუ ადამიანი აღნიშნულ სიმტომებს და განსაკუთრებით მათ პერიოდულ, ხანგამოშვებით გამოვლენას შეამჩნევს, აუცილებელია მიმართოს ნევროლოგს. რა კლინიკური ფორმებით ვლინდება გაფანტული სკლეროზი? არსებობს გაფანტული სკლეროზის რამდენიმე ფორმა: რეციდიულ-რემისიული – გვხვდება 80-85 პროცენტში. რეციდიულ ფაზაში აღინიშნება გამწვავებების პერიოდი, როდესაც ადგილი აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაღვივებას. ეს გრძელდება 24 სთ.-დან 4 კვირამდე, რის შემდეგაც ხდება არსებული სიმპტომატიკის უკუგანვითარება – ე.ი. პაციენტი გადადის რემისიულ ფაზაში. ამ ფაზების მონაცვლეობა შესაძლოა, წელიწადში 2-3-ჯერ მოხდეს. მეორადი პროგრედიენტული – შემთხვევათა 10-15%-ში. როგორც წესი, რეციდიულ-რემისიული ფორმა 10-15 მეორად პფოგრედიენტულ ფორმაში გადადის. ნელ-ნელა ყალიბდება უნარშეზღუდულობა, დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ ადამიანი ინვალიდდება. არსებობს პირველადად პროგრედიენტული ფორმაც, როდესაც სრული სიმპტომატიკა დაავადების საწყის ეტაპზევე ვლინდება. არსებობს თეორია, რომ პირველადად პროგრედიენტული ფორმა გაფანტული სკლეროზის კონკეტულ სახეს კი არა, ცალკეულ ნეიროდეგენერაციულ დაავადებას წარმოადგენს. გაფანტული სკლეროზის კიდევ ერთი სახეა – ფულმინანტური, როდესაც ელვისებური სისწრაფით ხდება ნევროლოგიური სიმპტომატიკის გამოვლინება. რა იწვევს გაფანტული სკლეროზის განვითარებას? ამ დაავადების ზუსტი გამომწვევი ცნობილი არ არის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა, ჰერპესი, მიკოპლაზმა და სხვ. გარკვეული სტრესის ფონზე იწვევენ ორგანიზმის გადაჭარბებულ იმუნურ პასუხს. ხდება საკუთარი მიელინის გარსის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნა, რომლებიც ავტოაგრესიის ფონზე „ებრძვიან“ და ანადგურებენ ნეირონების მფარავ გარსს. ასევე, დადგენილია, რომ არსებობს კავშირი D ვიტამინის ნაკლებობასა და გაფანტული სკლეროზის სიხშირეს შორის: რაც უფრო ნაკლებია ადამიანის ორგანიზმში მზის სხივებით გააქტიურებული D ვიტამინი, მით უფრო ხშირად ვხვდებით ამ დაავადებას. ამასთანავე, ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორიც. უხშირესად დაავადება დედმამიშვილებს უვითარდებათ. მაგალითად, ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპების შემთხვევაში გაფანტული სკლეროზის გამოვლენის ალბათობა 30 პროცენტია, ჰეტეროზიგოტური (სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან დაბადებული) ტყუპების შემთხვევაში კი – 10-15%. დიაგნოსტიკის რა მეთოდებია მოწოდებული ამ დაავადების გამოსავლენად? დიაგნოსტიკის მეთოდებიდან აღსანიშნავია თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ახდენს დემიელინიზაციის კერების ვიზუალიზაციას. ასევე, გამოიყენება ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, რომელიც პოტენციალების მეშვეობით უზრუნველყოფს კერების აღმოჩენას. დიაგნოსტიკის მაღალსპეციფიური მეთოდია თავ-ზურგ ტვინის სითხეში ოლიგოკლონური ჩანართების აღმოჩენა.

4620cookie-checkრა არის გაფანტული სკლეროზი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Begin typing your search term above and press enter to search. Press ESC to cancel.

Copy link